1952 წლიდან

1952 წელს სოფელ ფამფალეთში აშენებული ჩვენი სახლი, რამდენიმე მეპატრონის შემდგომ, 2020 წელს გიორგი დოლიძეს მემკვიდრეობით ერგო. გიორგი დოლიძის ბაბუა, გრიგოლ დოლიძე, რომელიც 1937-1949 წლების საბჭოთა რეპრესიების შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნდა, 1950 წლიდან, იქვე ახლოს, სოფელ მთისპირში ცხოვრობდა. გრიგოლი მუდამ ერთგული იყო გურიის რეგიონისადმი; პატიოსანი შრომით, ტრადიციებითა და ქართული ფასეულობებით ქმნიდა დოვლათსა და უკეთესობას.

2020 წელს, მსოფლიო პანდემიის პერიოდში, გიორგი დოლიძემ გადაწყვიტა ეს დრო პროდუქტიულად გამოეყენებინა და დაიწყო “ვილა ჩხავერის” განვითარება. პირველ ეტაპზე მოხდა ტერიტორიის დასუფთავება, მიწის გაწმენდა და ვენახისთვის მომზადება, რადგან ჩხავერი რეგიონის გურული ავტოქტონური ჯიშია.

მეღვინეობის ისტორია ამ მიწაზე ასეულობით წლით ადრე დაწყებულა, რასაც ადასტურებს ეზოში აღმოჩენილი 4 ძველი ქვევრი. ჩვენ მათ კონსერვაცია ადგილზე ჩავატარეთ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობა.

ჩვენი მიზანი იყო შენობის ძველებური შტრიხების მაქსიმალური შენარჩუნება. უშუალოდ შენობის კონსტრუქციის ნგრევის გარეშე, განხორციელდა მისი გამაგრება და განახლება.

ვენახის გაშენება მოხდა ევროპული სტანდარტების დაცვით, მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებებითა და ბიოლოგიურად სუფთა მიდგომებით. ვენახის მოვლაში ვაერთიანებთ ძველ გურულ ტრადიციებსა და თანამედროვე მიდგომებს, რაც ნაყოფის უნიკალურ თვისებებს განაპირობებს.

“ვილა ჩხავერი” ვითარდება როგორც საოჯახო სასტუმრო, სადაც ფუნქციონირებს მცირე ბიბლიოთეკა და განვითარების უფასო სივრცე ახალგაზრდებისთვის, საგანმანათლებლო და სხვადასხვა პროექტების ორგანიზებისთვის.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვილაში, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ხვდება ერთმანეთს, რათა შეგიქმნათ უნიკალური გამოცდილება გურული მეღვინეობის სამყაროში.